04.01.2021 17:47
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამირან გამყრელიძის უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად. სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში შტამის არსებობა არ დადგინდა, ხოლო ერთ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

კვირის ამბები