გაზეთი ,,გორის მაცნე"
30.12.2019 13:36
ბესიკ ზაქარიაძე - ,,კამფეტა“, კომაროველი, მოჭადრაკე, გორის კოლორიტი ორმოცი წლის წინ შერქმეული მეტსახელით

,,არავისი არა გშურს, არც არავის ედრები,

დააბიჯებ ქუჩაში მხრებზე პიჯაკმოსხმული“...

დარწმუნებული ვარ, მხრებზე პიჯაკმოსხმულ ,,კამფეტას“, იგივე ბესო ზაქარიაძეს ყველა იცნობთ, თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მის შესახებ ბევრი რამ არ გეცოდინებათ. ისე, ზუსტად თავადაც არ იცის, მეტსახელი ,,კამფეტა“, რომელიც მეგობარმა თითქმის ორმოცი წლის წინ შეარქვა, თავდაპირველად ,,კამფეტა“ იყო თუ ,,კანფეტა“.

კითხვაზე, ვინ არის ,,კამფეტა“, ამგვარად მპასუხობს: ,,დავიბადე 1964 წლის 6 მარტს. მე ვინ ვარ და ქალაქში რასაც იტყვიან ჩემზე, სწორედ ის ვარ, საკუთარ თავზე სხვას ვერაფერს ვიტყვი, ოჯახის წევრების გარდა, ყველასთვის ,,კამფეტა“ ვარ, თუმცა, ზოგჯერ სახლშიც მომმართავენ ამ მეტსახელით, ისე, ბესო ზაქარიაძე ვარ, დედა ბესიკს მეძახის“.

ბავშვობიდან ჭადრაკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, გორის ჭადრაკის სკოლაში 5 წლის ასაკში მიუყვანიათ. ,,პირველი მწვრთნელი შალვა თოთლაძე იყო, უწესერიესი კაცი, მერე კი, შალვა თოთლაძის გარდაცვალების შემდეგ, გურამ მუკნიაშვილი იყო ჩემი მწვრთნელი და მასწავლებელი“, - იხსენებს ბესო ზაქარიაძე.

მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირში, პირველი სერიოზული წარმატება კი, ჯერ გორის პირველობა იყო, შემდეგ კი, საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ადგილი.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტურნირში იღებდა მონაწილეობას როგორც ინდივიდუალურ შეხვედრებში, ასევე გუნდურადაც. ჭადრაკის პარალელურად, ,,კამფეტა“ გორის მე-6 სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო. მე-8 კლასიდან კი, კომაროვის სკოლაში განაგრძო სწავლა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მეტსახელიც, რომელიც, აგერ, უკვე ოთხი ათეული წელია, ნათლობის სახელივით მოსდევს მის ცხოვრებას. ,,კამფეტა უახლოესმა მეგობარმა, ზურა ყველაშვილმა, მეტსახელად ,,გეგელამ“ დამარქვა, მაშინ მე-8 კლასში ვიყავით. მხოლოდ სახლში არ მეძახიან კამფეტას, დედა, გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მავრა იოსებიძე ბესიკს მეძახის. შინ ერთი დაც მყავს - მაია, რომელიც სამხატვრო სკოლის საქმეთა მმართველის პოზიციაზე მუშაობს. მამა 1992 წელს გარდაიცვალა“.

შემდეგ ჯარი, გორის ინსტიტუტი, კვლავ არაერთი საჭადრაკო ტურნირი და... როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაც გაილია.

უთამაშია ნონა გაფრინდაშვილთან, უფრო ზუსტად, როგორც თავად მოიხსენიებს - ნონა ტერენტევნასთან.

ოჯახი არ შექმნა, ამბობს, რომ საკუთარი თავისთვის არასდროს ეცალა, თუმცა, იყო პერიოდები, როცა უყვარდა - ჯერ სკოლის დამთავრებისას, შემდეგ კი, ინსტიტუტში სწავლისას, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერც მაშინ მოიცალა, ჯერ ერთი ძმაკაცი გარდაეცვალა, მერე - მეორე...

ცნობილმა პოეტმა გიორგი მახარობლიძემ გორის კოლორიტს ლექსიც მიუძღვნა, სადაც, ფაქტობრივად, ,,კამფეტას“ მთელი ცხოვრებაა გადმოცემული.

,,არავისი არა გშურს, არც არავის ედრები,

დააბიჯებ ქუჩაში მხრებზე პიჯაკმოსხმული.

შენთვის ან სად გეცალა, უცოლშვილოდ ბერდები,

დე, გაგკილოს მავანმა, დარჩაო მარტოსული...“

მასზე ხშირად ამბობენ, რომ მთელი გორის ჭირისუფალია. ,,80-იანი წლებიდან გორს ბევრი ადამიანი დააკლდა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ალბათ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ გეგელა, ვინც ,,კამფეტა“ დამარქვა, ,,ჩხალა“, არბოლიშვილი, ლევან ბექაური, კოტე გუდაძე, ზვიად გიგაია, როგორ შეიძლება არ ვთქვა მამა იოსები, ბერობისას, მამა ისე _ გორელებისთვის საყვარელი ,,კასტილა“ და მიშიკო კოშკაძე, რომელმაც ჩემი გული წაიღო და განსაკუთრებულად მიყვარდა. მიშიკოს მამა, ძია ეძიკა სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო და როცა შეჯიბრებებზე მივდიოდით, ხშირად ჩამოდიოდა და მიშიკოც თან ახლდა. ასევე, გორს ძალიან დააკლდა გიორგი მახარობლიძე, გორის პატარა ბეღურა, მართლაც ბავშვივით იყო გიორგი, ბეღურასავაით... გორის სასაფლაო ჩემთვის მეორე სახლია, ხშირად მივდივარ, შემოუვლი გორელებს, შესანდობარს ვეტყვი, აქაურ ამბებს ვუყვები“...

პატიმარი არასდროს ყოფილა, თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმდენი დრო აქვს გატარებული, რომ შევკრიბოთ, ნაკლებადმძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული პატიმრობის ვადა კი გამოუვა. პირველად თანაკლასელი დააკავეს და ციხეში მის სანახავად წავიდა, მერე სხვა ახლობელი მოხვდა ციხეში, შემდეგ - ძმაკაცი... ციხეში შედიოდა, რჩებოდა კიდეც პატიმრებთან. ,,ერთადერთი გეგუთის ციხე იყო, სადაც არ მიშვებდნენ. ძმაკაცის სანახავად ჩავედი, სწორედ ის პერიოდი იყო, გეგუთის ციხიდან 19 პატიმარი გაიქცა, იყო მთელი ამბავი, ბუნებრივია, არავის უშვებდნენ. ზონის უფროსი იყო გვარად პაიჭაძე, ძველი მოჭადრაკე ყოფილა და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჭადრაკი ვეთამაშე შესვლაზე, ანუ, თუ მოვიგებდი, შემიშვებდა ციხის ტერიტორიაზე. მოვუგე ის თამაში და პირობა შეასრულა“, - იხსენებს ,,კამფეტა“.

,,ხან ნახულობ ავადმყოფს, ხან ნახულობ პატიმრებს,

შენმა ბედმა სხვისი გზა ალბათ თვითონ არჩია,

თვალებზე დანახული სხვისი ცრემლი გატირებს,

თითქოსდა საკუთარი დარდი არ გაგაჩნია“...

მარცხენა ხელისგული ერთგვარად ბლოკნოტის ფუნქციას ასრულებს - ვინ უნდა ნახოს, ვის უნდა დაურეკოს, ვისი დაბადების ან გარდაცვალების დღეა, ვინ უნდა მოიკითხოს, - ეს ყველაფერი ლურჯი მელნით აქვს ხელისგულზე ჩამოწერილი.

,,საქმე ყველასთანა გაქვს, ერია თუ ბერია,

პრეზიდენტს არ ექნება საქმე ასე ულევი,

რაც შენ ხელისგულებზე უსტარები გწერია,

ალბათ ვერ დაიტევდნენ დიდი ტომეულებიც“...

ძველი გორი ენატრება, ძველი ტრადიციებით და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით. არასდროს ყოფილა პარტიული, არასდროს ჰქონია ,,დიდი ფულის“ შოვნის სურვილი, ვერაფრით ვერ ეგუება უსამართლობას, ახალგაზრდა თაობის თვისებებიდან კი, ყველაზე მეტად აღიზიანებს ფრაზა - ,,ჩემი დედა“... მიაჩნია, რომ ქართველ ერში ,,თვითგამორკვევის“ პერიოდი მეტისმეტად გახანგრძლივდა და ამ პერიოდმა ბევრი სიმახინჯეც დაამკვიდრა.

...საუბრის ბოლოს კი, ტრადიციულად, პიჯაკის ჯიბიდან, არყით სავსე მომცრო ზომის ბოთლი ამოიღო, სადღეგრძელო თქვა, გორი და გორელები დალოცა, დედის და წასულების სადღეგრძელო თქვა და დამემშვიდობა...

ეს კამფეტაა, გორის კოლორიტი.

ია თინიკაშვილი

 

 

კვირის ამბები