
მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ადმინისტრაციული ჯარიმები მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება.
პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც შესაბამის ფინანსურ სანქციებს თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც შემოიღებენ.
კანონპროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური - 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით დაჯარიმდება.
ანალოგიური დარღვევა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი - 10 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 30 000 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, ზემოხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან რეალიზაცია გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 2 500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით.
პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა უზრუნველყოს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, ისეთი სამართლებრივი მექანიზმები შექმნას, რომელიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს.