გორში, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის: ყოფილი მოკრივის, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის, ალეკო კურტანიძის, ქართლოს ჯალაბაძის, გიორგი ბიბილაშვილის, თენგიზ გულორდავას და გიორგი ქავთარაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილის ადვომატმა თამარ კუჭავამ სასამართლოს გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია წარუდგინა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მან სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელი ადგილიც კი ვერ გაიხსენა.
,,გოგიჩაიშვილს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, სტადია მეოთხე, მეტასტაზური და სწრაფად პროგრესირებადი. მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული, სახეზე იყო სავალდებულო დაცვის უფლება, ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. მას ახლახანს თავის ტვინის ტრეპანაცია ჩაუტარდა, რადგან თავის ტვინში მეტასტაზი აღენიშნებოდა. მას ქიმიოთერაპია, სხივოთერაპია, რადიოთერაპია კომპლექსურად უტარდება, ის ღამის 2 საათზე, ადვოკატის გარეშე გამოიკითხა, მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, თუ გაიმეორებს და სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას. ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა. ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავდა, თითქოს, ის გაყალბებული იყო...“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა.
რაც შეეხება გიორგი კანდელაკის ადვოკატს, გაგი მოსიაშვილის თქმით, ,,გიორგი კანდელაკს ბრალთან და ბრალში ასახულ ფაქტობრივ გარემოებასთან ნული აქვს შემხებლობა“.
,,სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ, თურმე, გიორგის საკუთრებაში აქვს ქარხანა, ტერიტორიები, ასიათასობით მიწის ნაკვეთი, სადაც, თურმე, ის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, სადაც ალკოჰოლი მზადდებოდა, ეს არასწორი ინფორმაცია და სიცრუეა. რეალობა გახლავთ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი კანდელაკის რამე სახის შემხებლობა არ იკვეთება“, - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი - გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, თენგიზ გულორდავა და გიორგი ქავთარაძე დააკავა. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.