საინტერსო ამბები
08.07.2020 13:56
„ხალხმრავალი ქელეხების დროს ნადგურდება დიდძალი საკვები, ადგილი აქვს ანტისაზოგადოებრივ მოვლენებს“ - ქელეხების აკრძალვა საუკუნის წინ

რამდენიმე თვის წინ, საქართველოში სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა. რეგულაცია შეეხო ისეთ ღონისძიებებსაც, როგორიც არის ქელეხი და ქორწილი. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია გახლდათ, თუმცა, საისტორიო ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ მსგავსი აკრძალვები ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმე გამოიცა, მაგრამ მიზეზი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი არა, ზედმეტი ეკონომიკური ხარჯების თავიდან არიდება გახლდათ. ჯერ კიდევ 1921 წელს, გორის მაზრაში, გლეხების საერთო კრების ოქმით მიიღეს დადგენილება ქელეხების გაუქმების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, საერთო კრებამ დაადგინა: „მოსპობილ იქმნას ყოველგვარი ურატები, ქელეხები, ვინაიდან ეს არის უაზრო ხარჯები, ამ დადგენილების ცხოვრებაში გასატარებლად თითო სოფელში აირჩეს სამი კაცი, რომელმაც თვალყური ადევნოს მის შესრულებას, ვინც ამ დადგენილებას დაარღვევს, ის იქნება დასჯილი ამ სამი კაცის გადაწყვეტილებით“.
1925 წელს კი, პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანეს საკითხი - ქელეხების და ურადების საქმე ახალსოფლის თემში. როგორც მომხსენებელი აღნიშნავდა, „ზემოხსენებული თემის სოფლებს შეუგნიათ ქელეხების და ურადების მავნებლობა და შეუმუშავებიათ მთელი რიგი წესებისა, რომლების და მიხედვით, ქელეხ-ურადების წესით ხალხში გავრცელებული ხარჯები უნდა შემოკლებულ იქმნეს, მაგალითად, ნაცვლად დიდი ხარჯისა, ქელეხის დროს იკვლებოდეს ერთი ცხვარი და სამი კოკა ღვინო“.

რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, საპასუხოდ, პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება: „ქელეხ-ურადები უძველესი ხალხური ზნე ჩვეულობებია და საუკუნოების განმავლობაში ხალხის რბილ- ხორცშია გამჯდარი, მართალია მათ დიდი ზიანი მოაქვთ მოსახლეობისათვის, მაგრამ საუკუნოებრივი ზნე-ჩვეულებათა წინააღმდეგ ადმინისტრატიული ზომების მიღება ყოვლათ დაუშვებელია, ამ მოვლენასთან საბრძოლველ იარაღად უნდა ჩაითვალოს აგიტაცია პროპაგანდა კულტურულ-განმანათლებელ დარგში და მხოლოდ ამგვარი ნაბიჯებით შესაძლებელია მიზნის მიღწევა“.
როგორც Gmnews-მა გორის არქივის უფროსი სპეციალისტის, ქეთევან მაჭარაშვილის მიერ მოძიებულ მასალებში აღმოაჩინა, ქალაქში ხალხმრავალი ქელეხების მოწყობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მეოცე საუკუნის 70-იან წლებშიც ყოფილა აქტუალური. 1972 წელს, საქალაქო საბჭოს აღმასკომის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება: „ხალხმრავალი ქელეხების დროს ნადგურდება დიდძალი საკვები, იკარგება ასეული ადამიანის სამუშაო დრო, ადგილი აქვს ანტისაზოგადოებრივ მოვლენებს. დაევალოს პარტიულ, პროფკავშირულ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ხალხმრავალი ქელეხების და მავნე ადათ-ჩვეულების წინააღმდეგ ბრძოლა, აქტიურად ჩააბან პროპაგანდისტები, ლექტორები, იდეოლოგიური დარგის მუშაკები და სხვა“, - აღნიშნულია გორის არქივში დაცულ დოკუმენტებში.

კვირის ამბები