სპორტი
12.10.2026 12:17
„ივერიონი - გორი“ „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდა - შეხვედრა გორის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ივერიონი - გორი“ „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 75:70 დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ივერიონს“ NBA-ის ჩემპიონის და 8-გზის All-Star-ის მონაწილის დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ მოუწია გასვლა.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მატჩში „ივერიონის“ შემადგენლობიდან შედეგიანობით მიკჰა კლარკი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა. გორელი ვლადიმერ თავაქარაშვილის და მიხეილ უგრეხელიძის ანგარიშზე 12-12 ქულაა. რაც შეეხება კრისტიან მურს, სპორტსმენმა გუნდს 10 ქულასთან ერთად 8 შედეგიანი პასი შესძინა, სოსო გოგნაძემ კი ფარქვეშ 7 მოხსნით გამოიჩინა თავი.

„პირველი მეოთხედი მეტოქეთა მცირე უპირატესობით წარიმართა, თუმცა „ივერიონმა“ მეორე პერიოდში აქტიური თამაშით შეძლო ანგარიშის შემოტრიალება და დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა.

„ბლექ ფორტრესის“ ძალისხმევის და გამოცდილი მოთამაშეების, მათ შორის დუაიტ ჰოვარდის აქტიურობის მიუხედავად, გორელებმა გადამწყვეტ მომენტებში სიმტკიცე შეინარჩუნეს.

მეოთხე მეოთხედის მიწურულს, დაძაბულობის პიკზე, ივერიონის კალათბურთელებმა ზუსტი საჯარიმოებით და საიმედო დაცვით უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს“, - აღნიშნულია „ივერიონი - გორის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები