საზოგადოება
12.10.2026 15:15
საცხოვრისით უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კონპესაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება
დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება და კომპენსაციის თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარით იქნება განსაზღვრული.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში ახალი კეთილმოწყობილი საცხოვრისი გადაეცა. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, სოფლად სახლის შეძენა შეძლო.

მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2600 დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას“, - განაცხადა პრემიერმა.
კვირის ამბები