საზოგადოება
13.10.2026 13:37
დღეს თრომბოზის მსოფლიო დღე აღინიშნება
13 ოქტომბერი თრომბოზის მსოფლიო დღეა. თარიღი 2014 წელს, თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) მიერ დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, თრომბოზის მსოფლიო დღის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დაავადების რისკ-ფაქტორების, ადრეული ნიშნებისა და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. მისი დროული ამოცნობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„ღრმა ვენების თრომბოზისთვის დამახასიათებელია კიდურის, განსაკუთრებით ფეხის შეშუპება, ტკივილი, კანის სიწითლე და ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ხოლო ფილტვის არტერიის ემბოლია შესაძლოა გამოვლინდეს უეცარი ქოშინით, გულმკერდის ტკივილით, გულისცემის აჩქარებითა და სისხლიანი ხველით.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო შეფასება, ხოლო ფილტვის ემბოლიაზე ეჭვის შემთხვევაში - გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თრომბოზის რისკის შემცირებას კი ხელს უწყობს რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა“, - აცხადებენ მედიკოსები.

რაც შეეხება სტატისტიკას, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს. აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის ახალი შემთხვევების სიხშირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით დაბალია ჩინელებსა და კორეელებში.

ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYs) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების მოსახლეობაში, ხოლო მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში - მეორე ადგილს იკავებს.

ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.
კვირის ამბები