აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 21 აგვისტოს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებმა პროგრამის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის ცვლილებას, გამოსაცდელები უნდა შევიდნენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე, შემდეგ წაშალონ, დაამატონ ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში. ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ კი გამოიყენონ შენახვის ღილაკი და ყველა ცვლილება დაიმახსოვრონ.
„აბიტურიენტები საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი - გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.