რეგიონი
27.08.2025 11:44
შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა ქართლში, კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის დაახლოებით 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ 4 – კმ 13) რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფარი ძირითადად ხრეშოვანია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის გასაუმჯობესებლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

„მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზა კასპის მუნიციპალიტეტს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან აკავშირებს, ხოლო სოფლებს - რკონს, ჩაჩუბეთს და ერთაწმინდას - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტული გადაადგილებისთვის“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 628 830 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა კი სამუშაოების დაწყებიდან 12 თვეა.

კვირის ამბები