საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს, განაცხადის გაკეთება 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – hr. gov. ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე შეუძლიათ.
„სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად კი განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი მონაცემების კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ.
იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.