ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დაიწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მსურველებს განაცხადის გაკეთება ელექტრონულად: socreg . mes . gov . ge შეუძლიათ.
„სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტის დაფინანსებას ბაკალავრიატში 4 წლით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე 6 წლით, სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ და ვეტერინარის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 5 წლით.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2250 ლარი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს, სტუდენტი განსხვავებას ფარავს თავად. თუ სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი უტოლდება სტუდენტის სწავლის საფასურს“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.