ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული, - ინფორმაციას აღნიშნულის შეახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დინამიკა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციასაც იღებენ და პირველი კომპენსაციაც გაიცა, თუმცა, კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაშია (NAITS) აღრიცხული; რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.
„ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება კომპენსაციას, მის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.
ცნობისთვის, კომპენსაციის გადახდის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესიგასულ წელს ამოქმედდა. კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება კი შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.