საზოგადოება
03.09.2025 14:46
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. აღნიშნულ პოზიციაზე მთავრობის მიერ წარდგენილ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევამდე, მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სუს-ის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა.

„მოყვარემაც და რაც მთავარია მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რაც რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობებში გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.

კვირის ამბები