საზოგადოება
04.09.2025 14:57
პროექტი - „კინო გენია 2025“ დასრულდა

პროექტი - „კინო გენია 2025“ დასრულდა. ღონისძიებაზე, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ესწრებოდნენ, ახალგაზრდებმა ეროვნულ მოტივებზე შექმნილი პერფორმანსები წარადგინეს.

აქტივობის ფარგლებში, მოეწყო დისკუსიაც. მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს ინფორმაცია.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით განხორციელდა და 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა (მათ შორის კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებიდან).

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო (ტრენინგები) და შემოქმედებით აქტივობებში (კინოგადაღებები). კულტურულ-შემეცნებითი პროექტი ითვალისწინებდა გასვლით ღონისძიებასაც. ოცდაათმა წარმატებულმა ახალგაზრდამ ატენში სამდღიან ბანაკში გააგრძელა შემოქმედებითი მუშაობა.

„ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მომავალი თაობის განვითარება და წარმატება ჩვენი ქვეყნის განვითარებას ნიშნავს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ პროექტს, რომელიც მათ სწორ განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

პროექტის „კინო გენია 2025“-ის მიზანს მოზარდების კინოხელოვნებით დაინტერესება და ფილმების საშუალებით საზოგადოებაში არსებული სოციალური გამოწვევების გადაჭრის გზების გაცნობა წარმოადგენს.

კვირის ამბები