9 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში „ღია კვირეული“ მოეწყობა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აღნიშნავენ, „ღია კვირეული“ ოთხი დღის განმავლობაში, 10:00-საათიდან 14:00 საათამდე პერიოდს მოიცავს და ღონისძიების მიზანია, მოზარდებს გაუადვილდეთ ტრანზიცია - ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.
„ბავშვის ბაღში მისვლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება ახალი გარემოსა და ურთიერთობების მიმართ. სწორად წარმართული ტრანზიცია კი ეხმარება ბავშვს: უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებაში, სტრესის და შფოთვის დაძლევაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, ნდობის გაძლიერებაში როგორც მშობლის, ისე აღმზრდელის მიმართ.
კვირეულის ფარგლებში, ბავშვებს და მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა: დაათვალიერონ ბაღის გარემო, შეხვდენენ აღმზრდელებს და პერსონალს, გაეცნონ საბავშვო ბაღის ყოველდღიურ რეჟიმს, ბავშვთან ერთად ეტაპობრივად ჩაერთნენ სააღმზრდელო პროცესში.
მშობლის ჩართულობა და მხარდაჭერა საუკეთესო საფუძველია იმისა, რომ ადაპტაციის პროცესი ბავშვისთვის იყოს მშვიდი, სასიამოვნო და პოზიტიური“, - აღნიშნავენ სააგენტოში.