საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის.
„ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიული შედეგი გვაქვს, გვინდა ეს წარმატება მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც აღვნიშნოთ და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 80:70 დასრულდა და პირველად, ისტორიაში ევროპის საუკეთესო 8 გუნდში, მეოთხედფინალში გავიდა. აღნიშნულ ეტაპზე საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება. საკალათბურთო მატჩი 10 სექტემბერს, საქართველოს დროით, 19:00 საათზე დაიწყება.