საზოგადოება
08.09.2025 15:40
სოფელ მღებრიანში კლიკის ჯვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში კლიკის ჯვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. არქიტექტურული ძეგლი მღებრიანის დასავლეთით, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს მდებარეობს და VII-VIII საუკუნეებით თარიღდება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ძეგლის სარესტავრაციო პროექტი დააფინანსა. წელს კი „ფონდი ქართუს“ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ისტორიული ძეგლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არქეოლოგებისა და რესტავრატორების ზედამხედველობით გაწმენდითი და საკონსერავციო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი ორ ეტაპს მოიცავს: წელს გაწმენდა-კონსერვაცია დასრულდება, მომავალ წელს კი ძეგლის სრული აღდგენა იგეგმება.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორი ბადრი გასპაროვი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - კლიკის ჯვრის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კვირის ამბები