გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ქირის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად, იღებს.
პროექტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დევნილს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი (მათ შორის, არც ფულადი კომპენსაცია), საკუთრებაში არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთ კრიტერიუმს: ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;
ცხოვრობს განსაკუთრებით მძიმე პირობებში, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს;
დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30001-ზე ნაკლებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დროებით საცხოვრებლით, ასევე, უზრუნველყოფს პირებს, რომელთაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ამავე კანონის შესაბამისად იმყოფება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში და ეწურება იქ ყოფნის პერიოდი.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: idp. moh. gov. ge