გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განხილავენ, ხმაურია.
საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებები დავით რაზმაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, სადაც რაზმაძემ აღნიშნა, რომ ,,ჟურნალისტმა მისი ინტერვიუს არასწორი პერიფრაზირება მოახდინა". ,,აბსოლუტურად არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ქართულ ჯარს მაშინაც ვეთაყვანებოდი და დღესაც ვეთაყვანები, ბუნებრივია, როცა ვახსენე ,,მიშას ხულიგნები", ამაში ვგულისხმობდი სწორედ მიშას ხულიგნებს და არა ჯარს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტები, ადრეც გაფინანსებდნენ და ახლაც გაფინანსებენ. ვინც აქ ხართ, რომელი იმყოფებოდით იმ დროს [2008 წლის ომის დღეები] ქალაქში?!", - განაცხადა დავით რაზმაძემ სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ოპოზიციას მიმართა.
რაზმაძეს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, თუმცა სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ რეგლამენტით, მოხსენება არ ითვალისწინებს დებატებს.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ 12 დეპუტატს ეკუთვნის. შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო. იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა გაიმართება. სხდომას თამჯდომარის მოადგილე უძღვება. მას შემდეგ, რაც ყველა მხარე ისარგებლებს განცხადების გაკეთების უფლებით, იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა შედგება. ,,ქართული ოცნების" დეპუტატები და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ მათ განცხადებით და შესაბამისი ხელმოწერებით საკრებულოს სხდომის მდივანს რამდენიმე წუთის წინ მიმართეს.