გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც პირველ საკითხად დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და აღნიშნულის შესახებ სხდომის მდივანს განცხადებით მიმართეს. კენჭისყრის პროცესში თერთმეტმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. ათი ხმა დაფიქსირდა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
„არ შედგა იმპიჩმენტი. თერთმეტმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, ერთი ბათილი ბიულეტენი იყო. ათმა დეპუტატმა მისცა ხმა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ სამი თვის მანძილზე, ამ საკითხთან დაბრუნება შეუძლებელი გახდა.
ეს არის წინაასაარჩევნო კონცერტი, პირდაპირ დაფინანსებული ჩვენი დაუძინებელი „მეგობრებისგან“, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ არაფრისგან შექმნან აჟიოტაჟი - იქნებ როგორმე გამოიყენონ ეს რევოლიციური ბიძგისთვის. არ გამოსდით, არც იციან და ამიტომ ასეთ კონცერტებს აწყობენ და თავის უბედურებაში არიან“, - აღნიშნა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა მიხეილ გოგინაშვილმა.
საკრებულოს სხდომის პირველი საკითხის განხილვა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული ხმაური და რეპლიკები მოჰყვა დავით რაზმაძის განცხადებას, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა რომ ჟურნალისტმა მისი ინტერვიუ არასწორი პერიფრაზირებით გამოაქვეყნა.
,,აბსოლუტურად არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ქართულ ჯარს მაშინაც ვეთაყვანებოდი და დღესაც ვეთაყვანები, ბუნებრივია, როცა ვახსენე ,,მიშას ხულიგნები", ამაში ვგულისხმობდი სწორედ მიშას ხულიგნებს და არა ჯარს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტები, ადრეც გაფინანსებდნენ და ახლაც გაფინანსებენ. ვინც აქ ხართ, რომელი იმყოფებოდით იმ დროს (2008 წლის ომის დღეები) ქალაქში?!", - განაცხადა დავით რაზმაძემ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც სხდომის სპიკერმა მარლენ ნადირაძემ აღნიშნა, საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნული საკითხი განსახილველად აღარ შეიძლება დაისვას სამი თვის განმავლობაში.
„საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა თერთმეტი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იყო - ერთი, შესაბამისად, ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ათი და კენჭისყრის შედეგები ამგვარია - მომხრე 10, მოწინააღმდეგე არცერთი, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნული საკითხი განსახილველად აღარ შეიძლება დაისვას სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ.
რაზმაძის პასუხად პირველი საკითხის განხილვის შემდეგ, ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ მისი ინტერვიუ არასწორი ვერსიით დაიბეჭდა დავით რაზმაძეს უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
„ჩვენი პარტიის წევრი იმყოფება საზღვარგარეთ და ამის გამო არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას. საკრებულოს 12-მა ოპოზიციონერმა წევრმა თავის დროზე მხარი დავუჭირეთ ამ პროცესს, მაშინ იყო 12 წევრის ყოფნა აუცილებელი, რათა ეს პროცედურა დაწყებულიყო. ახლა, დღეს ვიქნებოდით 13, 14 თუ 10 ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ჩვენი პოზიცია პირველივე წუთებიდან იყო ასეთი, რადგანაც ესეთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, ეს ხომ არ არის ნეპოტიზმი, ან კორუფცია, ან რაღაცა სამოხელეო დანაშაული, ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი და, შესაბამისად, მას პირველივე წუთიდანვე, როცა ეს ფაქტი გახმაურდა, უნდა მიეღო გადაწყვეტილება - დროებით შეეჩერებინა უფლებამოსილება და მიემართა სასამართლოსთვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. სწორი გზა ეს არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ფანიაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის და კენჭისყრის დასრულების შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი 14 საკითხის განხილვაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ.