საზოგადოება
09.10.2025 13:01
საგრანტო კონკურსი სოფლის საჯარო სკოლებისთვის

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ.

„კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკოლის შესახებ და 100 სიტყვისგან შემდგარ პროექტს. პირველი ეტაპის პროექტების მიღება კი 1-ელ ნოემბრამდეა შესაძლებელი. 1-ელ დეკემბერს ჟიური 20 კანდიდატს გამოავლენს.

პროექტის მსვლელობაში, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

რაც შეეხება თანხის რაოდენობას, სამი გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს, ერთ-ერთი გრანტი განკუთვნილი იქნება მთის სკოლისთვის და ამ თანხით კი უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს.

კონკურსის ჟიურის წევრები კი არიან: ნათია უჩავა (2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი); დავით ლორთქიფანიძე (აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი); გოგა ჩანადირი (თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი) და ლევან ბექაია (თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი).

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: forms. gle / zg9dBfvo9CZyBqzg7.

კვირის ამბები