
შიდა ქართლის რეგიონში, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებული კურსდამთავრებულები და დამსახურებული მასწავლებლები ამჯერად კასპში გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოეს.
გაწეული საქმიანობისთვის და პროფესიის ერთგულებისთვის სიმონ გულედანმა თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა, ასევე, წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეგახსნებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.