საზოგადოება
29.10.2025 11:36
ტყვიავის საჯარო სკოლის გუნდი კონკურსის - „სიტყვის ძალა“ გამარჯვებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის გუნდი კონკურსის - „სიტყვის ძალა“ გამარჯვებული გახდა.

ინტელექტუალური კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობდა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფინალური ტური გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კონკურსის შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის, კარალეთის, ტყვიავის, გორის მე-8 და მე-10 სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა მიიღეს.

„კონკურსი „სიტყვის ძალა“ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული პროექტის მიზანი ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ხალხური სიბრძნის - ანდაზების გაცნობა-შესწავლაა. კონკურსი, ასევე, შემეცნებით და სახალისო აქტივობებსაც მოიცავს.

წელს პირველობა ტყვიავის საჯარო სკოლამ მოიპოვა (გუნდის წევრები: ნოდარ კოლოტაშვილი (მეთაური), ნიკოლოზ შატაკიშვილი, ანანო ჩიხლაძე, თამაზ ელიკაშვილი, საბა გიგუაშვილი)“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

შეჯიბრების დასასრულს თითოეულ გუნდს სიგელი და სამსახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

კვირის ამბები