
ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.
სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე, მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ როგორც ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ასევე, სურსათის განთავსების და რეალიზაციის პირობებს, ვადებს და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.
„უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკებიც. უნდა აღინიშნოს, მიმდინარე წელს ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევის და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აცხადებენ სააგენტოში.