31 დეკემბერის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლში ჰაერის ტემპერატურა ღამით -7,-9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს, სანაპირო რაიონებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
„1- 2 იანვარს შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.