
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა ჟენევის სუნევირსიტეტო ჰოსპიტალში ხელმისაწვდომი ხდება.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 2026 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს იმ ოპერაციებს, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ვერ ხერხდება და რომელთა საზღვარგარეთ ჩატარებაც შესაბამისი სამედიცინო კომისიის და დარგის სპეციალისტების მიერაა რეკომენდებული.
„აღნიშნულ პროგრამას 2022 წლიდან თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს და თბილისში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის პირებს ეხება. წარმატებულმა პრაქტიკამ კი საფუძველი ჩაუყარა პროგრამის შემდგომ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.
ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობამ „ბავშვთა კარდიოქირურგიის კონვენციაში“ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამის გეოგრაფიული არეალი და სერვისი ხელმისაწვდომი გახადა ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაც.
მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის ჩართულობით“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.