საზოგადოება
28.01.2026 14:35
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა

2026 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.

წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

„წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.

თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (6 თვის, 7 თვის და 11 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 30%-ით იზრდება“, - აცხადებენ უწყებაში.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში შეუძლიათ. ნებაყოფლობით რეგისტრაცია კი ვებ-გვერდზე: conscript. mod. gov. ge, ან ცხელ ხაზზე: 533 33 19 18 მიმდინარეობს.

კვირის ამბები