
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. უწყებამ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს გორში - ფიზიკური პირი თ. ჩ. (მის: გოგებაშვილის N2) და ხაშურში -ინდმეწარმეები ბ. კ. (მის: ყიფიანის N29) და პ. ნ. (მის: გურამიშვილის ჩიხი N2), რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
„ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ცხოველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმო პროცესი შეუჩერდათ.
ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. სააგენტო აქტიურად მუშაობს არალეგალური წარმოებების გამოვლენაზე“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.