საზოგადოება
04.02.2026 14:44
როდის იწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი და ხანგრძლივობა ცნობილია. ეროვნული სასწავლო კალენდრის მიხედვით, არდადეგების ხანგრძლივობა ერთი კვირაა - 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა, მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლის მოსწავლეები 9 დღის განმავლობაში დაისვენებენ. ვინაიდან 7 მარტი შაბათია 14-15 მარტი კი შაბათ-კვირაა, სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 16 მარტიდან განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას. სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.

სასწავლო წლის დასრულებამდე, ასევე დარჩენილია შემდეგი ოფიციალურ უქმე დღეები, რომლებიც სასწავლო დღეებს ემთხვევა:

3 მარტი - დედის დღე;

9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ოფიციალურად დასვენებაა სააღდგომო დღეებიც - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 12 აპრილსაა შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

კვირის ამბები