საზოგადოება
06.02.2026 12:55
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდული სფეროს და ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება.

რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

„საკონკურსო განაცხადები 27 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1 @ youthagency. gov. ge. მიიღება, კონკურსის საერთო ბიუჯეტი 1 200 000 ლარია, ხოლო ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი 100 000 ლარი.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებს, ახალგაზრდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება; მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება და

ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ სააგენტოში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს დეტალური ინფორმაციის ნახვა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.

კვირის ამბები