
დევნილთა, ეკომიგრანტთა და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
„ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ, თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა კი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.