საზოგადოება
10.02.2026 13:14
დენსიტომეტრიული კვლევა - ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლების დაზიანებას, დასუსტებას იწვევს. მსოფლიოში, 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშაა, შესაბამისად, ბოლო პერიოდში ძალზე აქტუალური გახდა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, რაც თანამედროვე სამედიცინო აპარატურით გორშიცაა ხელმისაწვდომი.

როგორც ,,გორის მაცნესთან“ სერტიფიცირებულმა ექიმმა ენდოკრინოლოგმა, ჯანდაცვის დოქტორმა, სამხედრო ჰოსპიტლის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური  სამსახურის უფროსის მოადგილემ თეონა ანანიაშვილმა აღნიშნა, ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრი, იგივე DEXA დენსიტომეტრი, სპეციალური ტიპის რენტგენული სხივებია, რომლებიც ძვალთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ოსტეოპოროზი (ან მისი განვითარების რისკი), დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და მოტეხილობის რისკის შესაფასება.

ანანიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის ჩატარება წინასწარ სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, გორში, უახლესი თაობის DEXA დენსიტომეტრი ფუნქციონირებს.

მოკლედ რომ მოგახსენოთ, დენსიტომეტრია სრულიად უსაფრთხო და ინოვაციური კვლევაა, რომლის ჩატარებაც რეკომენდებულია:

  • 45 წლიდან ყველა ქალის და 60 წლიდან ყველა მამაკაცისათვის;
  • მოტეხილობებისას;
  • ენდოკრინოლოგიური და რევმატოლოგიური დაავადებებისას;
  • კვებითი დარღვევებისას;
  • მენოპაუზის პერიოდის ყველა ქალბატონისათვის;
  • კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარებისას;
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარებისას;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისას“, - აღნიშნა თეონა ანანიაშვილმა.
კვირის ამბები