
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარების და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ ობიექტებს. კერძოდ, ფრინველთა სასაკლაოებს: ინდმეწარმე ნ. ზ. (მის:. სოფელი კარალეთი); ინდმეწარმე მ. თ. (დიდი გარეჯვარი); ინდმეწარმე ბ. კ. (კარალეთი); ინდმეწარმე გ. ბ. (პატარა გარეჯვარი); ინდმეწარმე გ. მ. (კარალეთი); ინდმეწარმე მ. გ. (დიდი გარეჯვარი); ინდმეწარმე ა. ჩ. (დიდი გარეჯვარი); „შპს ქათმის ხორცპროდუქტები“ (კარალეთი) და კვერცხის საწარმო - ინდმეწარმე ბ. მ. (პატარა გარეჯვარი).
„არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.