საზოგადოება
11.02.2026 16:19
მომავალი წლიდან მარკეტებში შესაძლოა, პლასტმასში განთავსებული სასმელები აღარ გაიყიდოს

2026 წლის თებერვლიდან, პლასტმასზე უარის თქმის რეგულაციების შემდეგი ნაწილი ამოქმედდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ეს უნდა იყოს რეგულაცების მორიგი ეტაპი, რომელიც მთავრობის მიერ უკვე ხორციელდება.

„სახელმწიფო ახორციელებს სურსათთან შემხებლობაში არსებული პლასტმასის ნაკეთობების მასშტაბურ რეფორმებს. შემდეგი ეტაპი შეეხება HORECA სექტორს, სასტუმროებსა და რესტორნებს, სადაც პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება 1-ლი ივლისიდან აიკრძალება.

მომავალი წლის თებერვლიდან კი საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და მარკეტებში პლასტმასში განთავსებული სასმელები აღარ უნდა გაიყიდოს - თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივაა და მთავრობას არ დაუმტკიცებია. ამისკენ ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ, რადგან ბიზნესს რეგულაციები არ დააწვეს წნეხად. კარგად გვესმის რა პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის რა რაოდენობაა ნაწარმოები, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი არ იზღუდება. მათ ექსპორტის მიზნებისთვის ნებისმიერი ნივთების წარმოება შეუძლიათ. მათ შორის, ერთჯერადი კონტეინერების და ასე შემდეგ,“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების - პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ჭიქების გამოყენება.

1-ელი აპრილიდან კი პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ.

კვირის ამბები