საზოგადოება
12.02.2026 12:16
ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს ფინანსურად დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს ფინანსურად დაეხმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, ზემოხსენებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს, საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანების დახმარება, წელიწადში ერთხელ, 500 ლარის ოდენობით გაიცემა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 400 ლარი, საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება კი, რომელიც „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით გაიცემა (17 ოქტომბერი) და 400 ლარს შეადგენს. ჯამში, წლის განმავლობაში ვეტერანების დახმარება 1300 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები