
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა წარმატებული მეცნიერი ქალები დააჯილდოვა. თეა ხორგუაშვილს (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი), ქეთევან ბარბაქაძეს (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი) და ლელა ალექსიძეს (განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი) გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედლები გადაეცათ.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება და მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობას, მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.