
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში - U.S. Private Label Trade Show 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას აწარმოებენ.
გამოფენაში განაცხადების მიღება 2026 წლის 23 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
„აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს აშშ-ის და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
გამოფენას 2026 წლის 15-17 ნოემბერს აშშ, ჩიკაგო უმასპინძლებს. გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 1 900-ზე მეტი კომპანია 60 ქვეყნიდან.
კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილე სავალდებულოა, გახდეს Private Label Manufacturers Association (PLMA)-ს წევრი, რისთვისაც ივსება და იგზავნება შესაბამისი ფორმა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ასოციაციის საწევრო გადასახადი შეადგენს 1 500 ევროს წელიწადში. დამატებით ინფორმაციას კი სააგენტოს წარმომადგენელი მიაწვდის შერჩეულ მონაწილეებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.
ცნობისთვის, გასულ წელს, ჩიკაგოში გამოფენაზე - U.S. Private Label Trade Show ექვსი ქართული კომპანია, მათ შორის, „კულა“ მონაწილეობდა, რომელიც წლებია, გორში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქმნის.