საზოგადოება
18.02.2026 15:14
ქართულ პასპორტს და ID ბარათს საერთაშორისო გამოფენაზე თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების და გამორჩეული დიზაინის დოკუმენტის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.

უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანიის „რექონესენს ინტერნეიშენალის“ (Reconnaissance International) ორგანიზებით ჩატარდა. მასში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის - „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართულ კონკურსში, ნომინაციაში - „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული.

კვირის ამბები