
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნეს, სოფელ კარალეთში მდებარე შპს „კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. ორივე ობიექტზე კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
„შპს „კარა 1980-ში“ საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი დაილუქა, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები“, - აცხადებენ სააგენტოში.