საზოგადოება
19.02.2026 11:48
გორის მერია უსინათლო და სმენადაქვეითებულ პირებს ფინანსურად დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ფინანსურად დაეხმარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის შემუშავებული ახალი რეგულაციის მიხედვით, შეზღუდული მხედველობის მქონე პირები, რომლებსაც ბავშვობიდან აქვთ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი (დიაგნოზის მიუხედავად) და მოგვიანებით შეექმნათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დახმარებას მიიღებენ შესაბამისი სამედიცინო დარგის ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ფორმა №100-ის წარდგენის შემთხვევაში.

მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, წელიწადში ერთხელ, 350 ლარია.

ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას, ასევე გაუწევს მნიშვნელოვნად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვისაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ ბენეფიციარებზე წელიწადში ერთხელ 300 ლარი გაიცემა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, 300 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) პირებსაც.

დაინტერესებულმა პირებმა კუთვნილი შემწეობის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები