
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, 19 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სააყავრე, ფიცესი, ლული, წითელწყარო, მღებრიანი და ტამი, იმყოფებოდნენ, მოსახლეობასთან საერთო კრებები გამართეს და წელს განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფლებში პირადად დაესწრო და უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინა მათი საჭიროებები.
მოსახლეობამ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩია, რომელთა შორისაა სასოფლო შიდა გზების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სასაფლაოებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, გარეგანათების მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, შემოღობვის სამუშაოები, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საერთო საჭიროებები.
შეგახსენებთ, ადგილობრივებთან შეხვედრები 28 იანვრიდან 19 თებერვალის ჩათვლით მიმდინარეობდა.
2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წელს, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.