საზოგადოება
23.02.2026 11:47
ანიმალისტი მხატვრის გოჩა ძაგანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გორში 1-ელ მარტამდე გაგრძელდება

ანიმალისტი მხატვრის გოჩა ძაგანაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1-ელ მარტამდე უმასპინძლებს.

როგორც დაანონსებული იყო, გამოფენა 23 თებერვლის ჩათვლით უნდა გამართულიყო, თუმცა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოფენა 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.

„მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა, პირველადაა საქართველოში და მიხარია, რომ გორი მასპინძლობს. ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები მეტად მრავალფეროვანი გავხადო და ვაპირებ შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების დახატვას“, - აღნიშნა გოჩა ძაგანაშვილმა.

გოჩა ძაგანაშვილი ცნობილია ანიმალისტური თემატიკის ნახატებით, სადაც ბუნება, ისტორია და ტრადიციები განსაკუთრებული დეტალებითაა წარმოდგენილი. მისი ნამუშევრები ფერთა ჟღერადობით, ფორმების გამომსახველობით, უნიკალური ხედვით და ექსპერიმენტული მიდგომებით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა 17 თებერვალს გაიხსნა.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები