საზოგადოება
24.02.2026 11:48
გახდი შენი მუნიციპალიტეტის ხმა - პროექტი „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტომ პროექტი - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინიციატივის მიზანი რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

რაც შეეხება პროექტს, მასში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 29-წლამდე აქტიურ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ახალგაზრდას, რომელთა ჩართულობით შეიქმნება ახალგაზრდული ქსელი.

„ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო დელეგატი, რომლებიც იქნებიან მუნიციპალიტეტის ხმა და რეალური გავლენას მოახდენენ ახალგაზრდულ პროცესებზე.

პროგრამა მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, გაიძლიერო ციფრული კომუნიკაციის, ლიდერული და პროფესიული უნარები; ჩაერთოს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში, შექმნას ახალი კავშირები; გახდეს მუნიციპალიტეტის აქტიური წარმომადგენელი და განახორციელოს რეალური ცვლილებები ახალგაზრდებისთვის.

შერჩეული მონაწილეები წლის ბოლომდე იქნებიან დამაკავშირებელი რგოლი ახალგაზრდობის სააგენტოს, ადგილობრივ თვითმმართველობას და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. საუკეთესო დელეგატებს კი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ელოდებათ“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება 3 მარტის ჩათვლით, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.

კვირის ამბები