საზოგადოება
25.02.2026 15:06
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საავტომობილო საწვავის ხარისხს ამოწმებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების და პრევენციის მიზნით ხორციელდება.

„ქვეყნის მასშტაბით ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯია აღებული. ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობის და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები