საზოგადოება
25.02.2026 16:02
შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქროები შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი შსს პოლიციის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები - 62 ფაქტი გამოვლინდა.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები