
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური, სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ ყველს. გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - აცხადებენ სააგენტოში.