საზოგადოება
27.02.2026 13:45
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

ხვალ, 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება და 1-ელი მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ოფიციალურად იკრძალება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1-ელი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

„შეზღუდვა ფრინველთა პოპულაციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რადგან იწყება ფრინველთა ბუდობის და გამრავლების პერიოდი.

აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.

მოქალაქეებმა კი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებენ უწყებაში.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება.

კვირის ამბები