
ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკური - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 18-29 წლის (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს) საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.
რაც შეეხება მოთხოვნებს, კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
საკონკურსო განაცხადები 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - UNDelegate @ youthagency. gov. ge მიიღება.
„გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი; გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციის და დეკლარაციის შემუშავებაში; ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, კონკურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.