საზოგადოება
04.03.2026 11:17
2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები", - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა გივი მიქანაძემ.

კვირის ამბები